Friday, July 1, 2011

lamazi dila, lamazi leqsiT da melodiiT !!!!!!!!

ყოფნა ყველაფერში

გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა,
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.

გავხდები ილის პირველი ყავა,
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა, ჯაზი, ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თAმბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა გავხდები, რაც იყო გუშინ?
ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი…

No comments:

Post a Comment